Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს შეხვდა
Civil.ge
01 October 2016, 15:05

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მიესალმა რომის პაპის ფრანცისკეს ჩამოსვლას საქართველოში, მას „ნამდვილად ისტორიული ვიზიტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის „კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს“.

საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დროს ილია მეორემ განაცხადა, რომ ის და რომის პაპი დაპირდნენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთისთვის ილოცებენ.

რომის პაპმა, რომელმაც ორდღიანი ვიზიტი საქართველოში 30 სექტემბერს დაიწყო, საიდანაც 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება, მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს მისი ძმური დაპირებისთვის, რომ ერთმანეთისთვის ილოცონ მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთს „მშვიდობის ამბორი მიაგეს“. 

საქართველოს პატრიარქმა, რომელმაც რომის პაპს „საყვარელო ძმაოთი“ მიმართა, განაცხადა: „მრავალი პრობლემა გვქონდა ჩვენ და უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს პრობლემები ღვთის ლოცვა–კურთხევით იქნა დაძლეული“.

„დღეს კაცობრიობა დგას დიდი პრობლემის წინაშე“, – განაგრძო მან. „ეს არის გლობალიზაციის პროცესი“.

„გლობალიზაცია არ არის ცუდი, მაგრამ ამას გააჩნია დიდი საშიშროება, რომ ერთფეროვნებად არ გადაიქცეს მთელი მსოფლიო, ერთფეროვან ქვეყნად“, – განაცხადა მან.

„კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერობაში და სარწმუნოებაში, ეს საშიშროება არის ჩვენს წინაშე“, – განაცხადა პატრიარქმა.

„დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე“, – განაგრძო მან. „თითქმის 500 000 ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში“.

„ოკუპირებულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. ეს რეგიონები არის ძირძველი ქართული მიწა და მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება. მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

„ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში რწმენისა და სიყვარულის დეფიციტია“, – განაცხადა მან.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რომის პაპს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებს ვატიკანის არქივებში დაცულ საქართველოსთან დაკავშირებულ ხელნაწერებზე იმუშავონ. „ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით მომავალში, თუ ამ მეცნიერულ საქმიანობას შეუწყობთ ხელს“, – მიმართა საქართველოს პატრიარქმა რომის პაპს.   

რომის პაპმა უთხრა საქართველოს პატრიარქს: „მინდა ვიყო ამ ქვეყნის და მისი საყვარელი ხალხის ნამდვილი მეგობარი“.

მან განაცხადა, რომ „განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და გულმოწყალებას, ერთობასა და მშვიდობას მოწყურებული მსოფლიოს წინაშე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შორის არსებულ კავშირებს ახალი ბიძგი მივცეთ, ახალი გზნებით აღვავსოთ, სწორედ ამის ნათელი ნიშანია ჩვენი მშვიდობის ძმური ამბორი“.

„უძვირფასესო ძმაო, დაე, უფალმა იესომ ახლებურად შემოგვხედოს. დაე, კვლავაც მივყვეთ მის მოწოდება, რათა მივატოვოთ ყოველივე ის, რაც გვაბრკოლებს უფლის სუფევის ერთად განცხადებაში“, – მიმართა რომის პაპმა საქართველოს პატრიარქს.

შოთა რუსთაველის ციტირების შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „უფლისეული სიყვარული აგვამაღლეს წარსულის გაუგებრობებზე, აწმყოს ანგირიშიანობასა და მომავლის შიშზე“.

მანამდე პარასკევს პაპი ფრანცისკე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. 

საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ  ასირიულ–ქალდეურ საზოგადოებასთან გამართა შეხვედრა წმინდა სიმონ–ბარსაბას სახელობის ასირიულ–ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც მან მშვიდობისთვის წირვა აღავლინა. 

დღეს დილით პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე, რომელიც 25 000 ადამიანზეა გათვლილი, ლიტურგია აღავლინა. დღესვე ის თბილისში რომის კათოლიკურ ეკლესიას ეწვევა და შემდეგ საქველმოქმედო ტაძრის ბენეფიციარებს და  წარმომადგენლებს შეხვდება კამილიელი მამების სახელობის ცენტრში. შაბათს საღამოს პაპი ფრანცისკე მცხეთაში გაემგზავრება, სადაც სვეტიცხოველს მოინახულებს და მას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე უმასპინძლებს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დროს 19 200–მა პირმა განაცხადა, რომ ისინი კათოლიკეები არიან – რაც საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლეობის  0.5%–ია.

21 სექტემბერს მცირე რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა, მათ შორის რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა, თბილისში ვატიკანის საელჩოს წინ აქცია გამართა პაპის ვიზიტის წინააღმდეგ; ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა პლაკატები: „ვატიკანი სულიერი აგრესორია“; „შორს საქართველოდან ანტიქრისტე“. იმავე ჯგუფმა თბილისის აეროპორტის წინ პაპის ჩამოსვლის დროსაც გამართა აქცია.

28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ წერილობით განცხადება გაავრცელა, სადაც ჯგუფს გაემიჯნა და განაცხადა, რომ ამგვარი პოზიცია „ყოვლად მიუღებელია“; იმავე განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ გაიმეორა, რომ მართლმადიდებელი მორწმუნეები არ მიიღებენ მონაწილეობას კათოლიკეების მსახურებაში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რომის პაპი ეწვევა.

1999 წლის ნოემბერში საქართველოს პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა. მან ლიტურგია სპორტის სასახლეში აღავლინა.

დიდი ხნის დავა საქართველოში რამდენიმე ეკლესიის საკუთრების თაობაზე კვლავ მიმდინარეობს; ადგილობრივი კათოლიკური თემი სამართლებრივ დავაშია ქალაქ რუსთავის მერიასთან, რომელიც თავს იკავებს ქალაქში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან იმის შიშით, რომ ამით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს გააბრაზებს. 2016 წლის ივნისის დასაწყისში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც რუსთავის მერიისგან მშენებლობის ნებართვას ითხოვდა.
 
2014 წლის სექტემბერში წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი თბილისს ესტუმრა – ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში.

მანამდე, 2003 წლის სექტემბერში თბილისს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მაშინდელი მდივანი, ჟან-ლუი ტორანი ეწვია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა. თუმცა ბოლო წუთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან ხელშეკრულებაზე. 2011 წელს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს, რითაც, სხვა კონფესიებთან ერთად, ასევე ისარგებლა საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე განშტოებამ. ვატიკანი მიესალმა ამ კანონმდებლობის მიღებას.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი